Tuesday, February 12, 2013




ვიდეო მოამზადა ლუკა ბედოშვილმა წმ. ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავის აღსანიშნავად.

Friday, February 1, 2013

ექვთიმე თაყაიშვილი - ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ

როდესაც ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის, ე.ი. თვითმმართველობის, დამოუკიდებლობის საკითხი დაისხვა, ეს საკითხი დიდხანს იყო მსჯელობის საგანი, ბევრი წიგნი და წერილი დაიბეჭდა ქართულსა თუ რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. წარმოიდგინეთ, ამ საქმეში მედგრად გვეხმარებოდნენ რუსის სლავიანოფილებიც! ისინი არ სცნობდნენ სინოდს, რაკი ძველად რუსეთში პატრიაქრის მართველობა იყო, და მოითხოვდნენ პატრიარქობის აღდგენას როგორც რუსეთში, ისე საქართველოში! მათი მეთაური (გვარი არ მახსენდება, დიდად მიღებული და გავლენიანი პირი კი იყო!) სულ ერთთავად იმის პროპაგანდას ეწეოდა, რომ სინოდი უხეშად იქცევა და რომ რუსეთშიცა და საქართველოშიც კვლავ თავ-თავისი საპატრიარქოები უნდა აღდგესო. \”საქართველო უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო იყო. მან ქრისტიანობა მაშინ მიიღო, როდესაც რუსეთის სახელმწიფო ჯერ არ არსებობდა და რუსები არც იყვნენ ქრისტიანებიო; მათი ეპისკოპოზი, ყოვლად სამღვდელო კირიონი, რომელიც საქართველოში პატრიარქად უნდა იყოს, ჩვენ მთავრობას სამშობლოდან გამოდევნილი ჰყავს და ემიგრანტობაში იტანჯებაო\”. პირდაპირ ასე აცხადებდა ის სლავიანოფილების თავი კაცი. (კირიონი ერთხანს შიდა რუსეთში იყო მღვდელმთავრად, მერე იალტაში ვნახე, ხოლო რევოლუციის შემდეგ მართლაც გახდა საქართველოს განახლებული ავტოკეფალური ეკლესიის პირველი კათალიკოსი, თუმცა კი ძალიან მალე გარდაიცვალა. . .). სლავიანოფილების ასეთმა პროპაგანდამ და ჩვენმა მოთხოვნამ იმდენად იმოქმედა ნიკოლოზ მეორეზე, რომ მან დანიშნა სპეციალური კომისია, ე.წ. \”превсоборная комиссия\”, რომელსაც უნდა განეხილა საქართველოს ავტოკეფალიის საკითხი, ვინაიდან რუსის ჩინოვნიკური სამღვდელოება, სინოდისა, ამტკიცებდა, რომ საქართველოს ეკლესიას არასოდეს ავტოკეფალია არა ჰქონია. რომ იგი მუდამ ანტიოქიისა და სხვა საპატრიარქოებს ეკუთვნოდა და ექვემდებარებოდა და სხვა.


ამ კომისიის სხდომა, როგორც ცნობილია (\”Церковный Вестник\”-ში წერია ეს ამბები), შემდეგ რუსეთის ერთ-ერთ ქვემო ქალაქში. საქართველოდან მას დაესწრნენ ეპისკოპოსები ლეონიდე და კირიონი, პროფესორები ალექსანდრე ცაგარელი და ნიკო მარი…
ჩვენ გვინდოდა, რომ საქართველოსათვის ამ საკითხში მხარი დაეჭირა მეფისნაცვალს ვორონცოვ-დაშკოვსაც. ვაწყობდით კრებებს, ილიას თანდასწრებით, ვაგროვებდით ცნობებს და ილიას ვაკისრებდით, პირადად მოლაპარაკებოდა ამ საკითხზე ვორონცოვ-დაშკოვს. ილია უარზე იდგა და გვეუბნებოდა, მაგ თქვენი \”კეფალიისა\” (ასე უწოდებდა ირონიულად ავტოკეფალიას) არა გამეგება რა და ვინმე სხვა მიგზავნეთო. მაგრამ ჩვენ, რასაკვირველია, არ მოვეშვით და ბოლოს ვაიძულეთ ილია დათანხმებულიყო. თან, რაც შეგვეძლო, ვუხსნიდით და ვუმარტავდით საქმის არსს.

ბოლოს ილია წავიდა მეფისნაცვალთან. დიდხანს ესაუბრნა მასთან. ვორონცოვ-დაშკოვს ეთქვა, დამარწმუნეთ, რომ ეგ ავტოკეფალია სასარგებლო იქნება საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც და მაშინ დაგიჭერთ მხარსო. ილიას ეპასუხნა, მე კი დამარწმუნეს, რომ საჭიროც არის და სასარგებლოცაო. მერმე შექმნოდათ მსჯელობა. ბოლოს ილიამ მოგვიტანა ამბავი: \”ამ ვორონცოვმა ყველა გარემოება ჩვენზე უკეთ იცის და პირში ბურთი ჩაგვჩარაო; მითხრა, ეკლესია ღმერთს ეხვეწება ყველა ქრისტიანული ეკლესიის შერთებას და თქვენ კი არსებული ერთობის დაშლა გსურთო; განა გაგონილა, ერთ მართმადიდებელ სახელმწიფოში ორი სხვადასხვა საკათალიკოსო არსებობდესო?\” ეს რომ მოვისმინე, შევეკითხე: \”ბატონო ილია, განა არ უთხარით, რომ ბიზანტია ერთი სამართლმადიდებლო სახელმწიფო იყო, მაგრამ მასში ოთხი ავტოკეფალური საპატრიარქო არსებობდა: კონსტანტინეპოლისა, იერუსალიმისა, ანტიოქიისა და ალექსანდრიისა მეთქი?\” ამაზე ილია ცოტა შეჩერდა, შემომხედა თვალებში და მიპასუხა: \”აკი გითხარით, მაგ თქვენი კეფალიისა არაფერი მესმის და ნუ გამგზავნით მეთქიო?!\”. საერთოდ არ ეხალისებოდა აღიარება, თუ რამეში შეცდებოდა ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში კი გამოტყდა. რა თქმა უნდა ილიამ იცოდა ეს ყოველივე, მაგრამ მეფისნაცვალთან საუბრისას აღარ მოაგონდა. ყველაფერი ხომ არ გაგახსენდება კაცს?! – მით უმეტეს, ასეთი ოფიციალური მიღების დროს!…
ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ დიდი დემონსტრაცია მოგვეწყო და ავტოკეფალია მოგვეთხოვა. თან უნდა წაგვეღო ბაირაღები და პლაკატები, წარწერებით \”აღგვიდგინეთ ავტოკეფალიაო\” და სხვ. წამოიჭრა საკითხი: ვინ უნდა გასძღოლოდა წინ ამ არაჩვეულებრივ დემონსტრაციას? ილიამ გვითხრა, \”თუ საჭიროა, მე წაგიძღვებითო!\”.
ამ მსჯელობაში მონაწილეობდნენ: ქართველი სამღვდელოების წარმომადგენლები, ქართველი მასწავლებები, მრევლთა წარმომადგენლები, ცალკეული მორწმუნენი. ილიას ბინაზე ვიკრიბებოდით ხოლმე. გვესწრებოდა ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე (დეკანოზ დავით ღამბაშიძის ჟურნალ \”მწყემსი\”-ს რედაქტორის შვილი), რომელიც კარგად ერკვეოდა საეკლესიო საკითხებში და უხსნიდა ილიას, ჩრდილოეთის საპატრიარქოს ჩვენი, ბევრად უფრო ძველი ეკლესიის გამგებლობის უფლება არა აქვსო. იაკობ გოგებაშვილიც ესწრებოდა ხოლმე სხდომებს და მონაწილეობდა მსჯელობაში და ბევრი სხვაც. ერთი სიტყვით, ფართო საზოგადოება იყო ამ საქმეში ჩაბმული.
მაგრამ განზრახული დემონსტრაციის მოწყობა აღარ დაგვჭირდა, ვინაიდან ჯერ იყო და 1905 წლის რევოლუციამ სასტიკი ხასიათი მიიღო და ბოლოს კი, 1917 წელს, საქართველოს ეკლესია ასე ვთქვათ, რევოლუციურად ჩამოშორდა რუსეთისას.

ინფორმაციის წყარო: http://www.burusi.wordpress.com


ექვთიმე თაყაიშვილი - გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ

გაბრიელ ეპისკოპოსზე ილია დიდი აზრისა იყო. ერთ ხუთშაბათს საღამოს რომ ვიყავით ილიასთან შეკრებილი, წამოიჭრა საკითხი: მთავრობა უწევს რაიმე ანგრიშს ქართველ მოღვაწეთა ნათქვამს თუ არაო? ილიამ სთქვა: “კაცმა იცისო! მაგალითად, რასაც გაბრიელი ეპისკოპოსი იტყვის, იმას დიდ ანგარიშს უწევენო. ეკლესიის საკითხებში ანგარიშს უწევენ ნიკო ამილახარსაცო”. ის ნიკო ამილახვარი დიდი მორწმუნე კაცი იყო და პირდაპირ ეგზარქოსსა და ეკლესიის სხვა მეთაურებს მიმართავდა ხოლმე, საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა. ერთხანს ხომ აკრძალეს ლოცვანისა და სხვა საეკლესიო წიგნების ქართულად ბეჭდვა! ჰოდა, ნიკო ამილახვარმაც უთხრა ეგზარქოსს: “Я перестал молитьсия, потому, что мой грузинский напечатанный молитвенник истрепался, Ваш русский молитвенник я не понимаю, а Вы приостановили издание молитвенников на грузинском языке!” ეგზარქოსი ამ სიტყვებზე შემკრთალიყო და ეთქვა “Никогда не запрещал издание грузинского молитвенника, это недоразумение!” მაშინვე გაეცა ლოცვანის დაბეჭდვის ბრძანება.
გაბრიელ ეპისკოპოსი რომ გარდაიცვალა (1896 წ.), ქუთაისის ინტელიგენციამ ერთობ დააყოვნა მისი დამარხვა, რათა საუკეთესოდ მოემზადებინა ქართველი ხალხი მიცვალებულის პატივსაცემად: სასტიკი, გაჭიანურებული ზამთარი იდგა და უგზოობის გამო ხალხი ვერ ჩადიოდა. დამარხვა იმა წლის მაისში მოხდა მხოლოდ, გელათის მონასტერში. ბოლოს, როდესაც, როგორც იქნა, დანიშნეს დაკრძალვის დღე, თბილისის ყველა დაწესებულებიდან წავედით დეპუტატები და ჩვენ შორის, რა თქმა უნდა, ილიაც. მას გამზადებებული ჰქონდა სიტყვა, რომელიც საფლავზე უნდა ეთქვა, მიცვალებულის ცხედარი ძვალ-ტყავად ჩანდა, არც შექანებულიყო, ისე, ცივად იყო შენახული. მართალია, მღვდელმთავარს არ შეშვენოდა ასეთი გაუთავებელი გლოვა, მაგრამ ქართველების – მეტადრე დასავლელების – ამბავი ხომ მოგეხსენებათ ამ საკითხში, ამხანაგად?!
მატარებელში ერთად შევიყარენით: მე, ილია ჭავჭავაძე, ლევან ჯანდიერი, ვანო რატიშვილი, ანდრია ღულაძე და სხვები აღარ მახსოვს. ლევან ჯანდიერი თბილისის მაზრის უფროსი იყო, ილიას დიდი მეგობარი და ერთგული მომხრე; უაღრესად კარგი, ჭკვიანი და საზრიანი ქართველი, ნამდვილი საქმის კაცი, უკეთესი არ შეიძლებოდა. მისი თაოსნობა იყო, მთიულები რომ გადმოასახლა მანგლისის მხარეში და კავთისხევში. ივანე რატიშვილი, მასწავლებელი, მე დავნიშნე სათავადაზნაურო სკოლის დეპუტატად გაბრიელის დაკარძალვაზე. ძალიან კარგი, რაღაც ღვთიური კაცი იყო და ასეთ სიტყვებს ხომ შესანიშნავად ამბობდა ხოლმე! სულ სხვანაირი იყო ანდრია ღულაძე – ნაკლებ განათლებული, მაგრამ დიდი ფართი-ფურთის და პრეტენზიის კაცი. ხან რას აკეთებდა, ხან რას: ერთ დროს საბავშვო ჟურნალს სცემდა, მერე ცენზორი იყო, იმხანად კი რომელიღაც უცხო გაზეთების თუ სხვა რაღაცის კორესპონდენტად მუშაობდა და ასე… სრულიად არ ჰგავდა იგი თავის ძმას  – იაკობს, პედაგოგს, გიმნაზიის ინსპექტორს, დიდად განათლებულ კაცს…
სწორედ გელათს ჩვენი გამგზავრების წინ გაეგზავნა ანდრიას დეპეშა საზღვარგარეთულ გაზეთებისთვის, ერთ-ერთი უცხელი კორესპოდენტის შესახებ: “თბილისიდან ინდოეთში გაემგზავრა და ამას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს სამხრეთი აზიისთვისო”. ეს შენიშვნა უკვე თავის მხრივ დაურთო, ვითომდა საქმეში ჩახედულობის გამოსამჟღავნებლად. ილიას უყვარდა ასეთი პრეტენზიების მქონე “ინტელიგენტების” გაქირდვა და გზაში სულ ეკითხებოდა: “როგორ იყო, ანდრია, დიდ პოლიტიკურ ფაქტად რომ გამოაცხადე იმ კორესპონდენტის ინდოეთში წასვლაო?” ისიც იცინოდა, აბა რას იტყოდა? აკაკიმაც იცოდა ხოლმე ანდრია ღულაძეზე ოხუნჯობა.. . ანდრიას დიდ პატრიოტად მოჰქონდა თავი. სხვათა შორის, ძალიან უყვარდა სამგლოვიარო პროცესების მოწყობის გამგეობა და სხვა ასეთი საქმეები და ჩვენც მართლა პატრიოტი გვეგონა. ჩვენს ხანში შესულ ქალებსაც მოსწონდათ, ერთმა ასეთმა ქალმა, რომელიც პოეტობდა შეიყვარა კიდევაც. . .
მატარებელში ვიღაც ჩვენგანს ცხიკება აუვარდა, ცივი დარი იყო. ილიამ სთქვა, მაგისი არაფერი ვიციო, ე.ი. ჩემს დღეში ცხვირს არ მაცემინებოს. მაგრამ გელათში რომ ავედით, მეორე დღეს, იქ ილიამ დააცემინა ცხვირს – სინოტივე იყო და ალბათ იმის გამო. მაშინ თქვა, “გუშინ ტყუილად დავიკვეხეო!”.
ჩვენთან ერთდ მოდიოდა კიდევ ნიკო ღოღობერიძე და მან გვიმასპინძლა ქუთაისში. თბილისიდან საღამოს გასულნი ქუთაისში დილას ჩავედით და მაშინვე გავემგზავრეთ ეტლებით გელათისაკენ. ცოტა თოვლი ჯერ კიდევ იდო გზაზე.
იმ დროს ქუთაისის პოლიცმეისტერად იყო, თუ არ ვცდები, ვინმე სიმონიშვილი, რომელსაც ქართველებს შორის, ძალიან ცუდი სახელი ჰქონდა გავარდნილი, დამსახურებისათვის ყველაფერს ჩაიდენსო. ლევან ჯანდიერს შეეტყო და ჩვენც გვაცნობა, რომ იმ სიმონიშვილს თბილისიდან ზედიზედ მისდიოდა დეპეშები: “Следить за Ильей Чавчавадзе и записать каждое слово, что он скажет” .
გაბრიელ ეპისკოპოსის ცხედარი, რა თქმა უნდა, გელათის ეკლესიაში იყო დასვენებული, საკურთხევლელს წინ. ხალხი მოდიოდა, მჭიდროდ ერტყმოდა კუბოს გარშემო და იყო გაუთავებელი სიტყვები. ზედიზედ გამოდიოდნენ იმერელი ახალგაზრდები თუ სხვები და უზომოდ ენამზეობდნენ, რომ საუკეთესო ორატორებად ეჩვენებინათ თავი. როგორც აღვნიშნე, ეს, რა თქმა უნდა, სრულიად არ შეეფერებოდა ეპისკოპოსს და მეტადრე ასკეტური სულისკვეთებით გამსჭვალულ გაბრიელს, რომელიც სიცოცხლეში სწორედ რომ არ თანაუგრძნობდა ხოლმე ასეთ საქციელს.

ამ მდგომარეობაში ვიყავით, რომ საღამო შემოვესწრო და ილიამ გვითხრა: “ჩემი სიტყვის თქმა აღარ ღირს, მაგრამ ცოტა ხანს კიდევ დავიცადოთო და მერე კი წავიდეთო”. ბოლოს მანვე გვითხრა, “მივიდეთ ახლა და გამოვეთხოვოთ მიცვალებულსაო”. მე წინდაწინ მივედი კუბოს ირგვლივ შემორტყმულ ხალხთან, რამდენადმე გავთიშე იგი და ხმამაღლა დავიძახე: “ბატონებო, ცოტა ჩამოდექით და გზა მოგვეცით, ბატონს ილია ჭავჭავაძეს აქვს სიტყვა მეთქი”. ერთი სიტყვით, “პროვოკაცია” მოვუწყე ილიას! ხალხი მაშინ გაიშალა, ილიაც წამოდგა და წარმოსთქვა სიტყვა. მას დიდი პატივისცემითა და აღტაცებით მოუსმინა დიდძალმა ხალხმა, რომელსაც გაეჭედა ეკლესია. ლევან ჯანდიერს ეს ძალიან იამა და მადლობა მითხრა, რომ ვაიძულე ილია და ვათქმევინე სიტყვა. ეს უკანასკნელი მართლაც შესანიშნავი იყო, კარგად ჰქონდა ილიას მომზადებული და წინასწარვე გაგვაცნო; მერე დაიბეჭდა კიდევაც. თითონ ილიაც კმაყოფილი დარჩა, რომ სთქვა.
გელათში მცირეოდენი გვასაუზმეს, მაგრამ არ გვეყო და ქუთაისში მოშივებულნი ჩამოვედით. ნიკო ღოღობერიძემ სადილის საჭმელად შეგვიყვანა დარბაზში, რომელიც იმავე დროს სასადილოც იყო და დავინახეთ, რომ სუფრას მრავლად შემოსხდომოდნენ მოქეიფენი, პოეტ გიორგი შარვაშიძის მეთაურობით. მათ შორის იყო ლეჩხუმის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღლი იასონ გელოვანიც. უკვე ყველანი შემთვრალიყვნენ და მალიმალ გალობდნენ საეკლესიო ჰანგს: “განუსვენე, უფალო, სულსა მიცვალებულისა მონისა შენისასაო”. რომ დაგვინახეს, ყველანი წამოდგნენ და შარვაშიძემ წამოიძახა: “ო-ო-ო, ილია გრიგორიჩ! რა სასიამოვნო სტუმარია! აბა, ახლა სუფრაო!” მივუჯექით მაგიდას. მთვრალმა მასპინძლებმა დაადგინეს, რომ ჯერ დაგველია იმათი სადღეგრძელო, ვინც იქ ჩვენ შესვლამდე ისხდნენ და მერე განეგრძოთ სადღეგრძელოები. მაგრამ ილიას სადღეგრძელო მაინც პირველად შესვეს. კაი გვარიანი ჭიქები იყო; ხუთ-ხუთი დაგვიდგეს თეფშზე და შემოგვთავაზეს დალევა, მაგრამ ნიკო ღოღობერიძემ სთხოვა, მშივრები ვართ, ცოტა გვაცალეთ, საჭმელი ვჭამოთ და მერე ყველას გიახლებითო. დაგვეთანხმნენ. ილია ჩვეულებრივ მადიანად შეუდგა ჭამას და თან ღვინისაც უანგარიშოდ სვამდა. იმ ლაპარაკსა და სმაში ჩემ გვერდით მჯდომმა ნიკო ღოღობერიძემ გადაუჩურჩულა ლაქიას, ილიას ააცილეთ ის ხუთი ჭიქაო: ეშინოდათ, არ აწყინოსო. ლაქიამ მართლაც მოახერხა ილიასათვის იმ ხუთი ჭიქის აცილება და სხვებმაც, ჩვენთან მოსულებმა, ვისაც არ შეეძლო სმა, უარი თქვეს – მათ შორის, რა თქმა უნდა, ნიკო ღოღობერიძემაც, რომელსაც გული სუსტი ჰქონდა და ღვინო სწყენდა. უარი სთქვა მისმა ძმამაც, სიმონ ღოღობერიძემ, რომელიც წინათ ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის გიმნაზიაში. იმ დროს უკვე გადამდგარიყო სახელმწიფო სამსახურიდან და კერძო სათავადაზნაურო სკოლის გამგედ იყო დანიშნული. თამადას, გიორგი შერვაშიძეს ღვინო მოკიდებული ჰქონდა და მკვახედ მიმართა სიმონ ღოღობერიძეს: “ასე, თქვენ არასოდეს არ გვიჭერთ მხარს საზოგადო საქმეებშიო”. და ამისთანები. . . მერე მოყვნენ ჩვენ სადღეგრძელოებს და როდესაც ილიას ერთი ჩვენგანის სადღეგრძელოღა დარჩა დაულეველი, უთხრეს, მიირთვიო. ილიამ უპასუხა: “დიდი სიამოვნებით გიახლებით, მაგრამ გულს მაგკლია, რომ პირველად დასალევი ხუთი ჭიქა არ შემისვამსო”. – “ა-ტა-ტა-ტა, ეგ როგორ მოხდა, ახლავე მოართვით ილიას ის ხუთი ჭიქაო!”, დაიძახა თამადამ, ნიკო ღოღობერიძემ ხელი წამკრა და მითხრა: “საკვირველი კაცია ეს ილიაო!” მოართვეს “აცილებული” ხუთი ჭიქა, ილიამაც ნელ-ნელა, გემრიელად შესვა და ბოლოს იმ ჩვენი ამხანაგის სადღეგრძელოც დალია. . . მართლაც საოცარი კაცი იყო! “გულს მაკლიაო”, დინჯად, სერიოზულად უთხრა: არ უნდოდა, რომ ვისმე ჩამორჩენოდა იქა!
ილია სიმონ ღოღობერიძის ბინაზე მოათავსეს. მე მეორე დღეს, ადრე გამოვბრუნდი თბილისს, ილია კი იქ დარჩა, არ მახსოვს, რამდენ დღეს. მისთვის ეჩვენებინათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა და სხვა მეგობრები. . .
გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ ორიოდე სიტყვა კიდევ უნდა ვთქვა: პირველად იგი ახლო ვნახე საღმრთო რჯულის გამოცდის დროს, როდესაც ოთხკლასიან პროგიმნაზიას ვათავებდი ქუთაისში. ის გამოცდაზე დასასწრებად სკოლის ინსპექტორმა იუდინმა და საღმრთო სჯულის მასწავლებელმა მოიწვიეს. მართლმადიდებელი შეგირდები სულ ხუთი ვიყავით: მე, იოსებ დადიანი, შარუხია, გორგასლიძე და ერთი რუსი (გვარი არ მახსოვს). ყველანი ერთად დაგვაყენეს გაბრიელის წინ (ისე მოისურვა მან). გაბრიელთან იჯდა ინსპექტორი, მაჭავარიანი კი თავზე გვედგა. ჯერ გვარები წაიკითხა, ჩემი გვარის შესახებ თქვა: “ეს გურულიაო”. დაგვიწყეს გამოცდა: გვათქმევინეს ლოცვები, გვაამბობინეს სამღვთო ისტორიის მოთხრობები; მერე გაბრიელმა გვკითხა, თუ რა სასწაულები მოახდინა იეოს ქრისტემ. ჩვენც დაწვრილებით ჩამოვუთვალეთ, რაც ვიცოდით. მან გვითხრა: “Такие чудеса и другие святые совершали а какое такое чудо совершил” – და დასძინა: какого никто, кроме него, не совершил”?
ამ კითხვაზე ჩვენ მხოლოდ განვიმეორეთ ის, რაც წინათ გვქონდა ნათქვამი: “Слепых прозревал, бесноватых исцелял, Лазаря воскресил” . . და სხვა. – “Нет, нет! это и другие делали”.
ჩვენ გაკვირვებით შევხედთ ჩვენს მასწავლებელს მაჭავარიანს, რომლისგანაც ასეთი კითხვა არ გვსმენოდა, და, რა თქმა უდა, არც მისი პასუხი. მასაც გაკვირება ეტყობოდა და ცხადი იყო, არც მან იცოდა, რა პასუხი უნდა მიგვეცა. რაკი ჩვენ ვერას გავხდით, გაბრიელმა თვით მოგვცა პასუხი: “Себя воскресил! Себя воскресил!”
მე ვერ წარმომედგინა, რომ მკვდარი კაცი თავის თავს გააცოცხლებდა, ის სხვას უნდა გაეცოცხლებინა, მაგრამ პირდაპირ ამის ხმამაღლა განცხადება ვერ გავბედე და თავჩაღუნულმა ჩავილაპარაკე: – “Вед у Христа был отец, бог отец! Он его воскресил”. გაბრიელმა განმარტა: “Бог отец, бог сын и дух святой одно единое божество, бог сын явился на земле в образе человека, чтобы своим страданием искупить род человеческий, после распятия в нем умерла человеческая природа и не божественная, и эта божественная природа снова воскресила себя в образе человека, чтобы показаться своим учениками и убедить их и весь мир, что бог не умирает и не глазах учеников в образе человека вонесся на небо и в образе человека явится в мир во время второго пришествия”. . . და სხვა.
შემდეგ გაბრიელი მე აღარ მინახავს, მაგრამ სხვებისაგან გამიგონია, რომ მან ასეთი კითხვების წამოყენება სხვა გამოცდების დროსაც იცოდა.
გაბრიელი სპეტაკი ზნეობის მღვდელმთავარი იყო და ვერ ურიგდებოდა მისი დროის იმ მღვდელმთავრებს, რომელთაც ასეთი ზნეობა აკლდათ. მის დროს სამეგრელოს მღვდელმთავრად იყო გრიგოლ დადიანი, რომელსაც ბევრ უზნეობას სწამებდნენ. გაბრიელს ჩამოეგდო ამის შესახებ მასთან ლაპარაკი, დადიანს ეს შეურაცხყოფად მიეღო და ეთქვა: “მეც ისეთივე მღვდელმთავარი ვარ, როგორც თქვენ, და ასეთი ამბავფი ჩვენს შორის არ ეგებისო”. გაბრიელს უპასუხია: “მართალია, მღვდელმთავარი კი ხართ, მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, ვამხილოთ ერთმანეთიო”.
ინფორმაციის წყარო: http://www.burusi.wordpress.com

ექვთიმე თაყაიშვილი - ი. ჭავჭავაძის შესახებ


ილია ჭავჭავაძე პირველად ვნახე ჩემი სტუდენტობის დროს, ვგონებ, როდესაც III კურსზე ვიყავი გადასული. კარგად კი არ მახსოვს, ასე 1885 წელს უნდა ყოფილიყო. ილია ქართული სათავადაზნაურო ბანკის საქმეზე ჩამოვიდა პეტერბურგში და ბინად ჩამოხტა ვასო მაჩაბელთან… ილია და ის ვასო მაშინ დიდი მეგობრები იყვნენ, ილია შვილებს უნათლავდა. ვასო ნაფიცი ვექილი იყო, ადვოკატი თავად მინგრელსკისა, რომელიც მაშინ პეტერბურგში ცხოვროდა. ვასო ქართველ სტუდენტებს ეხმარებოდა ხოლმე, ხელმოკლეთათვის ფულის შესაკრებად საღამოების მოწყობაში. ერთი ასეთი საღაოს შემოსავალი, სამი ათასი მანეთი სტუდენტებს ვასილის თანხმობით გადაედოთ, როგორც ხელუხლებელი თანხა და ხუმრობით “დარდუბლის კიდობანი” დაერქმიათ მისთვის. ის ფული თვით ვასილ მაჩაბელს ჰქონდა მიბარებული. იმ წელიწადს ვასილმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება, თავისი სახლის ლიკვიდაციას აპირებდა (მგონი, ნევის პროსპექტზე ცხოვრობდა) და წინადადება მოგვცა სტუდენტებს, იმ თანხასაც თან წავიღებ და შესანახად გადავცემო ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოაგდოებას, რომლის თავმჯდომარეც ილია ჭავჭავაძე არისო. სტუდენტებმა არ მიიღეს ეს წინადადება და მოითხოვეს, ფული პეტერბურგში დაეტოვებინა. მაშინ მაჩაბელმა უთხრა – წარმომადგენელი გამოგზავნეთ და ილია ჭავჭავაძის თანდასწრებით გადავწყვიტოთ ეგ საქმეო. სტუტენტობამ აგვირჩია და გაგვაგზავნა სამი კაცი: მიხაკო ღვდლიევი [მღვდლიაშვილი] (შემდეგ ჩვენი სენატორი რომ იყო), ალექსანდრე ლორთქიფანიძე (მერაბის ძე, იასონის და [მწერალ] ნიკოს უფროსი ძმა, იურისტი, მერე ქუთაისში ბანკირად იყო) და მე.
      
მივედით ვასო მაჩაბელთან და ილიაც გამოვიდა და გაგვეცნო. ილიას პირველად მაშინ შევხვდი და მისი დანახვისთნავე გამახსენდა, ძალაუნებურად, ჩემი ნათესავის კოწია თაყაიშვილის ნათქვამი ილიას გარეგნობის შესახებ. ეს თაყაიშვილი მეფის “კონვოი”-ში მსახურობდა უწინ, ალექსანდრე მეორის დროს; ახლო კავშირი ჰქონდა ქართველ სტუდენტობასთან, დიდი ლიბერალი და თან პატრიოტი კაცი იყო; კარგად იცნობდა ახალ ქართულ ლიტერატურას და თაყვანს სცემდა ილიას, როგორც მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს; ძალიან კარგად გვიკითხავდა ხოლმე მის “კაცია ადამიანს”, “გლახის ნაამბობსა” და სხვა ნაწარმოებებს. ილია დიდხანს არ ენახა პირადად, მხოლოდ ერთხელ მოეკრა თვალი ქუთაისის ბულვარში, სხვებთან ერთად, და დასდევნებოდა, რომ კარგად დაეთალიერებინა. მერე გვითხრა: “მრგვალი ტანითა და სისრულით მის მიერ აღწერილ თათქარიძეს ჩამოგავს, მაგრამ თვალები კი შესანიშნავი აქვსო”.

შეგვექმნა მსჯლეობა “დარდუბალის კიდობნის” გამო. ილია დიდხანს გვესაუბრა წერა-კითხვის საზოგადოების მიზნებისა და მათი განხორციელების გზების შესახებ და ბოლოს გვირჩია, თანხა იმ საზოგადოებისთვის გადაგვეცა – თუ შეწირულობად არა, შესანახავად მაინც. “აქ ეგ ფული უსათუოდ შემოგეხარჯებათ, ან არა და ქართველები ჩვეულებისამებრ, აიშლებით, დაიშლებით და დაგეკარგებათო!” აზრთა ხანგრძლივი გაცვლა-გამოცვლის შემდეგ შევთანხმდით, რომ ფული შესანახავად გადაეცემოდა წერა-კითხვის საზოგადოებას. ვასილ მაჩაბელმა პირადად წამოიღო თანხა, თბილისში რომ წამოვიდა, და დანიშნულებისამებრ ჩააბარა კიდეც. ოღონდ, ეტყობა, არ მოუთხოვია იმ თანხის ხელშეუხებლობა და საზოგადოებას ფული თავისი მიზნებისამებრ მოეხმარა. ყოველ შემთხვევაში, ჩემ დროს საზოგადოებას აღარ გააჩნდა ასეთი, ხელუხლებელი თანხა.
უნივერსიტეტი რომ გავათავე, თბილისში ჩამოვედი და ლათინური ენის მასწავლებლად დავდექი სათავადაზნაურო სასწავლებელში, რომელსაც მაშინ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე განაგებდა (ქუთაისშივე, გიმნაზისტობისას ჩემი კარგად მცნობი). ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ერთი თვეც არ გასულიყო, რომ ამბავი მოვიდა, სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი მოკლესო. ეს იყო 1887 წლის 24 ოქტომბერს. ამან, რა თქმა უნდა, თავზარი დაგვცა ყველას და მთელი ქართველობა ააღელვა. გადაწყვიტეს, ჩამოესვენებინათ ცხედარი და საკადრისი პატივით დაემარხათ მთაწმინდაზე. ამის მოსაწყობად შედგა კომისია, რომელშიც, რა თქმა უნდა ილია ჭავჭავაძეც დიდ მონაწილეობას იღებდა.

ინფორმაციის წყარო: http://www.burusi.wordpress.com

Wednesday, January 30, 2013

დამდგმელი რეჟისორი: რევაზ (რეზო) თაბუკაშვილი
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) თაბუკაშვილი
დამდგმელი ოპერატორები: იური ბარამიძე, გენადი (გენო) რეხვიაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ოთარ შამათავა
კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე
ხმის ოპერატორი: ვასილ არველაძე
მემონტაჟე: კოზეტა კოტრიკაძე
პროდიუსერი: არჩილ ცვერიკი

ექვთიმე თაყაიშვილი - მოკლე ინფორმაცია

სხვა სახელი:წმ. ექვთიმე ღვთისკაცი
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1863
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 1953  (90 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი


ექვთიმე თაყაიშვილი - ძირითადი ინფორმაცია

დაიბადა : 03.01.1863 წ
გარდაიცვალა : 21.02.1953 წ
ექვთიმე თაყაიშვილი (1863 წლის 3 იანვარი, ლიხაური, ოზურგეთის რაიონი - 1953 წლის 21 თებერვალი, თბილისი), ქართველი ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე და მამულიშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ე. თაყაიშვილმა 1883 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ხოლო 1887 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით.
1887-1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი ასწავლიდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში (ბერძნულ-ლათინურ ენებს, ისტორიას და გეოგრაფიას). 1894-1904 წლებში იგი განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად, ეს გიმნაზია წარმოადგენდა ქართული ეროვნული განათლების უმთავრეს კერას.
პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე ექვთიმე თაყაიშვილი შეუდგა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. იგი გახლდათ წყაროთმცოდნე და არქეოგრაფი, ეპიგრაფიკის მკვლევარი, არქეოლოგი, ქართული მწერლობის ისტორიის მკვლევარი. დიდი ქართველი მეცნიერი და მამულიშვილი, პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი ასე ახასიათებდა თაყაიშვილს: "ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის, - მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა. იგი იყო "მოხალისე", "მოყვარული", მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ... იგი იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის, თავისი უფროსი თანამედროვის თ. ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისა, რომელთაც იგივე მიზანი ხელმძღვანელობდა მათი უანგარო , დაუღალავი და ხანგრძლივი შრომის დროს" (იხ. ჟ. "ბედი ქართლისა", პარიზი, #16, 1954, გვ. 8).
საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. მრავალმხრივმა სამეცნიერო საქმიანობამ დიდი პოპულარობა მოუტანა საზოგადოებას. ექვთიმე თაყაიშვილმა დააფეძნა ორი სამეცნიერო სერია "ძველი საქართველო" და "საქართველოს სიძველენი". იგი თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი.
ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობას მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ. ნაშრომისათვის "მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის" 1911 წლის 28 მარტს იგი აღნიშნული საზოგადოების დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული "ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" კომისიაში. როგორც ცნობილია, უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი გახლდათ უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ "ვეფხისტყაოსნის" ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის, რომელიც საზოგადოებამ ვინმე კორინთელისაგან შეიძინა. საზოგადოების შენაძენთა შორის არის აგრეთვე მეფე გოირგი XI-სათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი "ვეფხისტყაოსანი". ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული "ვეფხისტყაოსნისა", რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.
ექვთიმე თაყაიშვილის გულმოდგინების შედეგი იყო "ხელმწიფის კარის გარიგების" ხელნაწერის აღმოჩენა. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. ექვთიმე თაყაიშვილი მუდამ ცდილობდა, რომ ყოველივე ის, რასაც აღმოაჩენდა, უცვლელად გამოეცა. ასევე მოიქცა აღნიშნული ხელნაწერის მიმართაც. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ "ხელმწიფის კარის გარიგება" მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა.
ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველოში). პირველი ექსპედიცია მოეწყო 1902 წელს. ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ ხუროთმოძღვარი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. ახალციხისა და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლიეს არტაანის ოლქის ძეგლები და ოლთისის ოლქის ნაწილი. მეორე ექსპედიცია 1907 წელს მოეწყო. ამ მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხროთის ტაძარი, ოთხთა ეკლესია, პარხლის ეკლესია და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოცემულ იქნა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში.
ექვთიმე თაყაიშვილის პოლიტიკური მოღვაწეც გახლდათ. 1917 წელს იგი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1919-1921 წლებში კი იგი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული პარლამენტის, - დამფუძნებელი კრების, თავმჯდომარის მოადგილე.
ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და მისი ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დატოვა საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში, მეურვეობდა რა საქართველოს ეროვნულ განძს, რომლის ოფიციალურ პატრონად მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. განძი აუწერელი ფასეულობისაგან შედგებოდა. აქ იყო თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი.
ექვთიმე თაყაიშვილი ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა ლევილის მამულში. ამავე დროს, იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული "ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდი"-ს თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის "გეორგიცა" (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.
ნიუ-იორკისა და ბრიტანეთის მუზეუმები ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ საქართველოს განძის თუნდაც მცირე ნაწილი. ფრანგი ისტორიკოსი მილე ნივთების ფოტოგრაფიულად გადაღების ნებართვას ითხოვდა. ექვთიმე თაყაიშვილი თავს ევლებოდა საქართველოს საუნჯეს და კატეგორიულ უარს ეუბნებოდა ყველას, ვინც კი განძთან დაკავშირებით რაიმეს ითხოვდა. ხედავდა რა უდიდეს ინტერესს განძისადმი, ექვთიმეს აწუხებდა მისი მომავალი ბედი.
ექვთიმე თაყაიშვილს დიდი მცდელობა დასჭირდა იმისათვის, რომ სასამართლოს წესით უარეყო გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას საჩივარი, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე. მართალია, ობოლენსკაიამ ვერ მიიღო უფლება დადიანების განძზე, მაგრამ იგი აღარც საქართველოს ეკუთვნოდა. ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: ხსენებულ წელს გაუქმდა საფრანგეთში საქართველოს საელჩო და მის ნაცვლად შეიქმნა "ქართული ოფისი". განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. ექვთიმე თაყაიშვილი ბევრს ეცადა მიეღწია საფრანგეთის მთავრობის უსამართლო განაჩენის გაუქმებისათვის, მაგრამ ამაოდ.
მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი განძის საქართველოში დაბრუნება. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ -ს ელჩს საფრანგეთში ა. ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე.
1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. ჩამოსვლის პირველი დღეებიდანვე იგი აქტიურად თანამშრომლობდა მეცნიერებათა აკადემიასთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აქვეყნებდა სამეცნიერო ნაშრომებს საქართველოს ისტორიის საკითხებზე. 1945 წლის 10 მაისს არჩეულ იქნა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად, 1946 წელს კი იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით "ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ". მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ.
გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო... იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.

ინფორმაციის წყარო: http://www.buki.ge